შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი აამოქმედა. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხო როგორც ცალკეულ ფიზიკურ პირებს, ისე ირანულ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან.
სანქციების სამიზნე გახდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო ტექნოლოგიების წარმოებასა და გავრცელებაში.
ახალი ზომები მიზნად ისახავს ირანის რეჟიმის წვდომის შეზღუდვას საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე, რათა შეფერხდეს აღნიშნული პროგრამების დაფინანსება.
თეთრი სახლის განცხადებით, ეს ნაბიჯი არის პასუხი ირანის მხრიდან რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე.
ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს ზეწოლას ირანის ხელმძღვანელობაზე მანამ, სანამ თეირანი არ შეცვლის თავის პოლიტიკურ კურსს და არ შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს.
თავის მხრივ, ირანული მხარე ახალ სანქციებს "არაეფექტურსა" და "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს. თეირანში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შეზღუდვები ვერ შეაჩერებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას.




