აშშ-მა და უზბეკეთმა 12 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმეს. შეთანხმებები სამარყანდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა. 

ინფორმაციას უზბეკური მედია ავრცელებს.

უზბეკეთის საინვესტიციო, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესსამსახურის მონაცემებით, მხარეებმა სულ 54 შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმებები მოიცავს მრეწველობას, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებს, ფინანსურ სექტორს, ციფრულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და განათლებას.

კერძოდ, ამერიკულ კომპანია Wabtec-თან თანამშრომლობა უზბეკეთში სარკინიგზო ტექნიკისა და კომპონენტების წარმოების განვითარებას ითვალისწინებს. ფინანსურ კომპანიებთან, მათ შორის Franklin Templeton-თან, Oppenheimer & Co.-სთან, Citigroup-სა და BlackRock-თან მიღწეული შეთანხმებები უზბეკური კომპანიების საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გასვლას, ინვესტორების მოზიდვასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ეხება.სამთომოპოვებით სექტორში ReElement Technologies-თან, Traxys-სა და Trafigura-სთან თანამშრომლობა მინერალური რესურსების საბადოების შესწავლას, ათვისებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებას დაეთმობა.

გარდა ამისა, Amazon Leo-სთან შეთანხმება სატელიტური კავშირის განვითარებას, GE HealthCare-თან თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ხოლო Valmont Industries-თან პარტნიორობა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდას ითვალისწინებს.

სამარყანდში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, ამერიკულ დელეგაციაში თითქმის 300 კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბახტიორ საიდოვთან შეხვედრისას რუბიომ აღნიშნა, რომ 2025 წლის ნოემბრიდან აშშ-სა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის 25 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომერციული შეთანხმებები გაფორმდა.

„ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 100 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვას დაგეგმილი სავაჭრო და საინვესტიციო ოპერაციების ფარგლებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სამარყანდში მოლაპარაკებები C5+1 ფორმატში გაიმართა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას – ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს აერთიანებს. აღნიშნული თანამშრომლობის მექანიზმი 2015 წლიდან მოქმედებს და რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას ემსახურება.