ჯეი დი ვენსის თვითმფრინავი  ფერენც ლისტის აეროპორტში სამშაბათს, დილის 10:30 საათზე დაეშვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და მისი მეუღლე, უშა ვენსი, ბუდაპეშტში Air Force Two-ით ჩავიდნენ. მათ დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიატრო, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის მეუღლეს ყვავილების თაიგული გადასცა.  

ამერიკული დელეგაცია ორი თვითმფრინავით ჩავიდა: პირველში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გუნდი იმყოფებოდა, რომელიც Air Force Two-მდე დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე დაეშვა.  

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აღნიშნა, რომ 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი სტუმარი“.

„უნგრეთსა და აშშ-ის მთავრობას სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის ენერგეტიკული პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში, ასევე მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლა დასავლური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა.

ვიზიტის დროს ვენსი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დაბინავდება. ჩასვლისთანავე ის ვიქტორ ორბანს შეხვდება, რომელთანაც ერთობლივ პრესკონფერენციას 13:20 საათზე გამართავს. შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთობლივ საარჩევნო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. სამშაბათს ამერიკული დელეგაციის ჩასვლის გამო, აეროპორტში მოხვედრა მხოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი.  

გასულ ხუთშაბათს, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და მისი მეუღლე, უშა ვენსი, 7 და 8 აპრილს უნგრეთს ეწვევიან. უფრო ადრე, თებერვალში, უნგრეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვია, ვიზიტი აღქმული იყო როგორც პოლიტიკური ჟესტი - ორბანის მხარდაჭერა არჩევნების წინ.   

გასულ თვეში უნგრეთში „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის“ დროს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორბანს სოციალური მედიის გვერდზე „ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერი“ უწოდა, შემდეგ კი  Truth Social-ზე მხარდაჭერის კიდევ ერთი შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც უნგრელებს მოუწოდებდა „წადით <არჩევნებზე> და ხმა მისცეთ ვიქტორ ორბანს!“