აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეთა კოალიცია მოუწოდებს იურისტებს, უსაფუძვლო და ცრუ საჩივრებით არჩევნებისადმი უნდობლობას ნუ გააღვივებენ.
კოალიციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ სასამართლო დარბაზი „არ არის დაუსაბუთებელი ბრალდებების თეატრი“.
მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ადვოკატებს, რომლებიც სასამართლოში წარადგენენ არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელებს, თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებებისგან.
„მყარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების სასამართლოში შეტანა საფრთხეს უქმნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც იურისტებმა უნდა დაიცვან. ქმედით დემოკრატიაში სასამართლო პროცესი არ არის იარაღი უნდობლობის გასავრცელებლად, ის სამართლიანობის დასადგენად საჭირო ინსტრუმენტია“, – აღნიშნულია აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეთა კოალიციის წერილში.
2020 წლის არჩევნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა და მისმა ადვოკატთა გუნდმა მრავალი სარჩელი შეიტანა სხვადასხვა შტატის სასამართლოში, რომლებშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
სასამართლომ ამ სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა მყარი მტკიცებულებათა არარსებობის გამო უარყო. ამ საქმეებთან დაკავშირებულ რამდენიმე ადვოკატს გაუუქმდა ან შეუჩერდა ლიცენზია.
„ამ ადვოკატებმა არა მხოლოდ დაკარგეს ლიცენზია და შელახეს საკუთარი რეპუტაცია, მათ ასევე უღალატეს ამერიკის საზოგადოებას“, – ნათქვამია წერილში.
თარგმანი: პირველი არხი