შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 14 ეკონომიკის, მათ შორის, ევროკავშირისა და ჩინეთის მიმართ ტარიფების დაწესებას გეგმავს. საბაჟო გადასახადების შემოღება სავარაუდო ჭარბ წარმოებასთან დაკავშირებული მრავალთვიანი გამოძიების შედეგების საფუძველზე იგეგმება. დაგეგმილმა ტარიფებმა, შესაძლოა, 20 პროცენტს მიაღწიოს.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ეკონომიკები, რომელთა მიმართაც სადამსჯელო ტარიფების დაწესება იგეგმება, წარმოებას ასტიმულირებენ და სიმძლავრეებს რეალური მოთხოვნისა და საბაზრო პრინციპებისგან მოწყვეტით ზრდიან. შეთავაზებული ზომები თავდაპირველად საჯარო განხილვაზე გავა და ძალაში მხოლოდ ამის შემდეგ შევა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ წინადადებების მომზადებისას უკვე მოქმედი სავაჭრო შეთანხმებები იქნა გათვალისწინებული.
აღნიშნული ზომები შეეხება აშშ-ის არაერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს — ჩინეთს, ევროკავშირს, ინდოეთს, ბანგლადეშს, კამბოჯას, ინდონეზიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, მალაიზიას, სინგაპურს, შვეიცარიას, ტაივანს, ტაილანდსა და ვიეტნამს.
ჩინეთისთვის 20-პროცენტიანი ტარიფის დაწესება იგეგმება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სავაჭრო მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა განაცხადა, რომ ახალი ზომები პეკინთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში ჯდება.
"ჩინეთს ესმის, რომ ტარიფების გარკვეული დონე გარდაუვალია. შეთავაზებული ზომები ამ შეთანხმებების ფარგლებში ჯდება", — აღნიშნა მან. მისი თქმით, აშშ ჩინეთს ასევე სთავაზობს ტარიფებისგან გათავისუფლებას დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების საქონელზე.
მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ სატარიფო და სავაჭრო ომების დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა. ეს განცხადება გაკეთდა პასუხად კითხვაზე ახალი ტარიფების შესახებ, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.




