არაღიარებულ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირი რეგიონში სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის, ტოივო კლაარის გაგზავნასთან დაკავშირებით. ის შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენებებს მოგვაწვდის", - აღნიშნა ბორელმა.

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა.

21 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა.