Axios-ის ჟურნალისტის, ბარაკ რავიდის, ცნობით, თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლების როლს ასრულებდნენ.
უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ირანმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართეს. მან აღნიშნა, რომ პენტაგონს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ხუთი დღით გადადება დაავალა. თუმცა, მისი განცხადების საპასუხოდ, სააგენტო „ფარსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანს აშშ-თან არც პირდაპირ და არც შუამავლების მეშვეობით არ ჰქონია კონტაქტი.
თეირანის განცხადებით,ტრამპმა უკან დაიხია, რათა თავიდან აეცილებინა ენერგომატარებლების ფასების შემდგომი ზრდა და მოეგო დრო თავისი სამხედრო გეგმების განსახორციელებლად.
„აქსიოსი“ აშშ-ის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თურქეთმა, ეგვიპტემ და პაკისტანმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის შეტყობინებები გაცვალეს.
ამერიკული წყაროს ცნობით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალკე მოლაპარაკებები გამართეს თეთრი სახლის პრესმდივან სტივ ვიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან.
„მედიაცია მიმდინარეობს და წინ მიიწევს. დისკუსიები ფოკუსირებულია ომის დასრულებასა და ყველა გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზე. ვიმედოვნებთ, რომ პასუხებს მალე მივიღებთ“, - განაცხადა დეტალებში ინფორმირებულმა წყარომ.
კვირას, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ აბდელატიმ ტელეფონით ისაუბრა ვიტკოფთან, არაღჩისთან და მის კოლეგებთან პაკისტანიდან, თურქეთიდან და კატარიდან, - იტყობინება ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს რომ აბდელატიმ ხაზი გაუსვა „კონფლიქტის უფრო ფართო შედეგების შეკავებისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების“ მნიშვნელობას.
თეთრმა სახლმა ჯერჯერობით არ უპასუხა „აქსიოსის“ თხოვნას კომენტარზე.




