„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, „ამაზონი“ ტეხასში ხელოვნური ინტელექტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონაცემთა ცენტრს აშენებს. კომპანიის ახალი პროექტი კლიმატის მიზნებს ეწინააღმდეგება და ათობით მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას საჭიროებს .

გამოცემა წერს, რომ „ამაზონი“ ადასტურებს მონაცემთა ცენტრისთვის 7,65 გიგავატამდე სიმძლავრის გაზის ელექტროსადგურის მშენებლობის განზრახვას.

ექსპერტული შეფასებით, 35 ტურბინა ყოველწლიურად 33 მილიონ ტონა CO2-ს გამოყოფს. ეს „ამაზონს“ აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაბინძურებლად აქცევს.

დაგეგმილი მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება Amazon-ის საჯაროდ გაცხადებულ მიზანს, რომელიც 2040 წლისთვის ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას გულისხმობს. კომპანია აღიარებს ამ შეუსაბამობას.

„სამყარო დღეს განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ „კლიმატის დაპირების“ (Climate Pledge) თანადამფუძნებლები ვიყავით“, - განუცხადა „ამაზონის“ წარმომადგენელმა მარგარეტ კალაჰანმა „ნიუ-იორკ ტაიმსს“.

აღნიშნული დადგმული სიმძლავრით წლიურად 67 მილიარდ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. ეს მეტია, ვიდრე შვეიცარია, ან ირლანდია და ბულგარეთი ერთად მოიხმარს, საქართველოს წლიურ მოხმარებას კი ეს მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ აღემატება.

ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში „ბუნების გადარჩენის“ მოტივით არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა: იყო როგორც ნავთობსადენის და გაზსადენის მშენებლობის, ისე ბოლნისის და ჭიათურის საბადოებზე წიაღისეულის მოპოვების საწინააღმდეგო აქციები, ბოლოს კი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური აქციები.

მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში AI-ს განვითარებისთვის აშენებენ ქალაქების ზომის მონაცემთა ცენტრს, რომელსაც ათობით მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია ესაჭიროება და ამისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე არ ამბობენ უარს, საქართველოში კი კვლავ იგივე არგუმენტებს უხმობენ:

„იი, რაღა დროს ჰესია, ქარის სადგურის შესახებ არაფერი გსმენია?!“
„ იი, რაღა დროს ჰესია, მზის პანელის შესახებ არაფერი გსმენია?!“

წყარო: ნიუ-იორკ ტაიმსი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ