ხელმოწერილი განცხადება, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
არესტოვიჩის განცხადებით, მან პრინციპული შეცდომა დაუშვა, რის გამოც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
"მინდა, გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი", - დაწერა მან.
14 იანვარს ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და აფეთქება სწორედ ამან გამოიწვია.
არესტოვიჩის სიტყვები მალევე აიტაცეს რუსმა პროპაგანდისტებმა, რასაც სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი გააკრიტიკა დნიპროს მერმა, რომელმაც თქვა, რომ თავისი განცხადებით არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა.
ბრალდება უარყო უკრაინის საჰარეო ძალებმაც. მათი სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საერთოდ არ გააჩნია საშუალება, ჩამოაგდონ მტრის იმ ტიპის რაკეტა (Х-22), რომელზედაც არესტოვიჩი საუბრობდა.16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით რადას დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
დღეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დნიპროს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და თავის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა.
"ძალიან მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს, მეგობრებს, დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები შეეხო", - თქვა მან.
არესტოვიჩის განცხადებით, სოციალურ ქსელში ასეთი გამოხმაურება შეიძლება, გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით ან ბოტების ქსელის ორგანიზებით.
პრეზიდენტის ოფისისის ხელმძღვანელის მრჩეველი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ "საინფორმაციო ოპერაციას" ოპოზიცია რუსებთან ერთად აწარმოებს.