სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ამბობს, რომ მისი ვადის დასრულებამდე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. მას არ დაუკონკრეტებია თარიღი.

ვუჩიჩის ვადა 2027 წლის დეკემბერში იწურება.

"არჩევნები ვადის დასრულებამდე გაიმართება. ზუსტ დროს შესაბამისი ინსტიტუტები გადაწყვეტენ." - თქვა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე წელს აქამდეც ლაპარაკობდა.

ნოვი-სადის ტრაგედიის წლისთავზე სერბეთში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ერთი წლის წინ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, რასაც დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოქალაქეები მომხდარში მთავრობაში არსებულ კორუფციას ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ, სერბეთში დიდი საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება.

დემონსტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. 2 ნოემბრის ღამეს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

სტუდენტურმა მოძრაობამ, რომელიც საპროტესტო ტალღის ბირთვია, შეიმუშავა საკუთარი კანდიდატების სია, რომელიც არჩევნებში ვუჩიჩის მმართველ პარტიას დაუპირისპირდება. სია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. მოძრაობის სპიკერმა თქვა, რომ სანამ არჩევნები არ ჩაინიშნება, მოთხოვნებს შესრულებულად არ ჩათვლიან.