ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი, – იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა".
30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კრიგერმა დაწერა შეწყალების თხოვნა.
მინსკის რაიონულმა სასამართლომ ივნისის ბოლოს მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
კრიგერს ედავებოდნენ ჯაშუშობას, ტერორიზმს, "ექსტრემისტული ფორმირების" შექმნას, სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების წყობიდან განზრახ გამოყვანას.
საქმე უკავშირდება 2023 წლის ოქტომბერში მინსკთან ახლოს, ოზერიშჩეს რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ბელარუსის ოფიციალური მედია ამტკიცებდა, რომ კრიგერი უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.