ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უკრაინასთან და აშშ-სთან მოლაპარაკებების შედეგად და ამ ქვეყნების თანხმობით შედგა. ასეთი განცხადება სტუბმა შაბათს, 31 ოქტომბერს, ფინურ ონლაინ-გამოცემა Yle-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"მოლაპარაკებების საფუძველზე გადაწყდა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებამდე სატელეფონო საუბარი გამართულიყო. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს შესაძლებელია, კონსულტაციები გავიარეთ უკრაინასთან და ამერიკელებთან და მათგან მწვანე შუქი მივიღეთ", - თქვა ალექსანდრ სტუბმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარში ფინეთი გამოდიოდა "არა როგორც შუამავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებში" და რომ მისი ქვეყანა უკრაინას "ასი პროცენტით" უჭერს მხარს. სტუბის თქმით, სწორედ ასეთი გზავნილი გადასცეს მან და სტორემ პუტინს.
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ფინეთი ევროპულ ქვეყნებთან, უკრაინასა და აშშ-სთან კეთილ და სანდო ურთიერთობებს ინარჩუნებს, - აღნიშნა სტუბმა. "ამიტომ, ჩვენთვის შესაძლებელი იყო რუსეთთან საუბრის დაწყება და ჩვენ, როგორც ფინეთი, კვლავაც გავაგრძელებთ ამ გზით სიარულს", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ფინელი ლიდერის თქმით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ის მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს ევროპელ პოლიტიკოსებთან და ყველა მათგანი ინფორმირებული იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის შინაარსის შესახებ.




