უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალურ ტრიბუნალზე მუშაობა ძალიან ნელა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ უკრაინაში, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბერსემ აღნიშნა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის დოკუმენტის ხელმოწერიდან ცხრა თვე გავიდა და ევროპის საბჭომ თავისი საქმე შეასრულა.
„მინდა, ნათლად განვაცხადო, ეს ძალიან ნელა მიმდინარეობს. ჩვენ ევროპის საბჭოში მზად ვართ, ჩვენ ჩვენი საქმე შევასრულეთ“, – აღნიშნა ბერსემ.
ბერსეს თქმით, პროცესში ამჟამინდელი ჩართულობა არასაკმარისია.
მისივე განმარტებით, ევროპის საბჭო მზადაა, დაესწროს შეხვედრებს უმაღლეს დონეზე, რათა უზრუნველყოს სპეციალური ტრიბუნალის საკითხის წინსვლა.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ მონაწილეობა „მსურველთა კოალიციის“ ყველა დისკუსიაში. ჩვენ უნდა შევძლოთ უმაღლეს დონეზე დასწრება, სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებისადმი მიმართვა და მათი დარწმუნება ამის გაკეთების მნიშვნელობაში“, – აღნიშნა ბერსემ.
ამასთან, როგორც აღინიშნა, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა კვლავ ერთგული რჩება საჭირო რეფორმების განხორციელებისა და წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიმართ.
„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ვადები და მკაფიო ვადები უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის. ჩვენი წევრობა ევროკავშირში უკრაინისთვის, და არამხოლოდ უკრაინისთვის, მომავალი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების გარანტიების ელემენტია. ეს ჩვენი ხალხის სტრატეგიული არჩევანია. უკრაინა აქტიურად და წარმატებით მიიწევს წინ რეფორმების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევასრულოთ შესაბამისი კრიტერიუმები. მიუნხენის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრებისა და გუნდის მიერ ჩატარებული ყველა შეხვედრის შემდეგ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენ გარკვეული თანხვედრა გვაქვს, მაგრამ ამ მიდგომის მიმართ წინააღმდეგობაც არსებობს. არსებობს უნგრეთის პოზიცია, რომელიც მთლიანად ბლოკავს უკრაინული მხარის ყველა ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – განაცხადა სიბიგამ.
თავის მხრივ, ბერსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის მთელი პროცესის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
თარგმანი: პირველი არხი










