ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მაღალ IQ-სა (ინტელექტის კოეფიციენტი) და მემარცხენე ფრთის შეხედულებებს შორის კავშირი არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას მაღალ IQ-სა და იმ მარკერულ გენებზეც, რომლებიც შედარებით მაღალ ინტელექტთან ერთად გვხვდება ხოლმე. ნაშრომი ჟურნალ Intelligence-ში გამოქვეყნდა.
საკითხი მინესოტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეისწავლეს. ისინი წერენ, რომ ინტელექტის მრავალი ტესტით უკეთესი გონებრივი უნარები "კორელაციაშია სხვადასხვა სახის მემარცხენე და ლიბერალურ პოლიტიკურ რწმენებთან".
"ჩვენი შედეგები მიანიშნებს, რომ სიჭკვიანისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა მემარცხენე ფრთის შეხედულებებს განაპირობებს", — წერენ ნაშრომის ავტორები.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა საინტერესო მეთოდს მიმართეს. მათ 200-ზე მეტი ოჯახის შესწავლიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს. აქედან ზოგ ოჯახს მხოლოდ ბიოლოგიური შვილები შვილები ჰყავდა, ზოგს — შვილად აყვანილი, მცირე ნაწილს კი — ორივე ერთად.
"დავადგინეთ, რომ IQ და ინტელექტის გენეტიკური ინდიკატორები, იგივე პოლიგენური ქულები, ორივე შეიძლება დაგვეხმაროს იმის პროგნოზირებაში, თუ ორი დედმამიშვილიდან რომელი იქნება მეტად ლიბერალი", — განაცხადა ტობიას ედურდსმა, კვლევის ავტორმა, PsyPost-თან საუბრისას.
ამ შემთხვევაში საუბარია ერთ ჭერქვეშ, ერთნაირად, აღზრდილ დედმამიშვილებზე.
"ეს მიანიშნებს, რომ ინტელექტი პოლიტიკურ შეხედულებებთან კავშირშია არამხოლოდ გარემოს ანდა აღზრდის გამო, არამედ იმისაც, რომ, შესაძლოა, ინტელექტთან დაკავშირებული გენეტიკური ფაქტორები მოქმედებდეს ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებზე", — განმარტა ედუარდსმა — "რატომ ხდება ასე? არ ვიცი".
მკვლევრებმა გაზომილი IQ და პოლიგენური ქულები გამოიყენეს. მათ ხალხის გონებრივი ფუნქციონირება და საგანმანათლებლო მიღწევები შეაფასეს. საბოლოოდ იმის გაგება სურდათ, თუ რამდენად იყო ინტელექტს, გენეტიკასა და პოლიტიკურ შეხედულებებს შორის კორელაცია, ანუ ურთიერთდამოკიდებულება.
პოლიგენური ქულა ერთგვარი გენეტიკური პროფილია, რომელიც არაერთ მახასიათებელს განსაზღვრავს, გარეგნობა იქნება ეს, ინტელექტი თუ რაიმე დაავადების რისკი.
პოლიტიკის კუთხით მათ ხუთი ცვლადი შეისწავლეს: პოლიტიკური ორიენტაცია, ავტორიტარიზმი, ეგალიტარიზმი, სოციალური ლიბერალიზმი და ფისკალური კონსერვატიზმი.
"პოლიგენურმა ქულებმა ოჯახებში სოციალური ლიბერალიზმისა და ავტორიტარიზმის დაბალი მაჩვენებლის პროგნოზირება შეძლო", — ვკითხულობთ ნაშრომში — "სოციოეკონომიკური ცვლადების გაკონტროლების შემდეგაც კი ოჯახებში ინტელექტი მტკიცედ პროგნოზირებდა სოციალურ ლიბერალიზმსა და ავტორიტარიზმის დაბალ მაჩვენებელს".
ედუარდსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური შეხედულებები მაინც კომპლექსური რამაა; მათ არაერთი სხვადასხვა ფაქტორი ქმნის კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში და ერთ რომელიმე ცვლადამდე ვერასდროს დავიყვანთ.
"ეს მოულოდნელი მიგნება მნიშვნელოვან საკითხს უსვამს ხაზს; რაიმე წესი არაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის კონკრეტულ შეხედულებებს ან იდეოლოგიებს უნდა უჭერდნენ მხარს", — განაცხადა ედუარდსმა — "ის, თუ რა გავლენა აქვს ინტელექტს ჩვენს შეხედულებებზე, სავარაუდოდ, ჩვენს გარემოსა და კულტურაზეა გამოკიდებული. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ვიხილავთ, რომ ჭკვიან ადამიანებს უამრავი სხვადასხვანაირი და ხშირად საპირისპირო იდეები იზიდავდათ".