წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა, კონგრესმენთა წინაშე მარათონული გამოსვლა დაასრულა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის 887-გვერდიან მეგა-კანონპროექტზე საბოლოო დებატების დასრულების შემდეგ დემოკრატების ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა, წარმომადგენელთა პალატის ლიდერებისთვის (უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერისთვის) კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

ჰაკიმ ჯეფრისის მარათონული გამოსვლა, მიმართული დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტის წინააღმდეგ, 8 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, რაც წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის ახალი რეკორდია.

წინა რეკორდი 2021 წელს დამყარდა და წარმომადგენელთა პალატის მაშინდელ  რესპუბლიკელ ლიდერს, კევინ მაკკარტის ეკუთნოდა. მან 8 საათი და 32 წუთი ისაუბრა ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი სოციალური დაცვის რადიკალური გაფართოების შესახებ კანონპროექტისადმი პროტესტის ნიშნად, რომელიც საბოლოოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც მან სიტყვა დათმო.

ჰაკიმ ჯეფრისის სიტყვით გამოსვლამდე არსებული მდგომარეობა მოწმობდა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ დემოკრატებთან ერთად მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი ილაშქრებდა, თუმცა, არ გამორიცხავდნენ მათდამი კიდევ სამი რესპუბლიკელი მიერთებას და კანონპროექტის ჩავარდნას.

ამ წუთებში, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის წინ, კონგრესმენთა წინაშე სიტყვით პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი გამოდის.