ყველაზე პოპულარული ფრანგული გამოცემა მკითხველს აუწყებს, რომ ქართული სამზარეულო სულ უფრო პოპულარული ხდება საფრანგეთში, განსაკუთრებით კი პარიზში, სადაც 2025 წელს The Fork აპლიკაციას 14 რესტორანი შეუერთდა.
როდესაც საქმე სადილობისთვის ადგილის არჩევას ეხება, კოლეგები ხშირად ვერ თანხმდებიან, რომელი რეგიონის სამზარეულოა უმჯობესი. იტალიური, ლიბანური, კორეული სამზარეულო... ამ რეგიონის რესტორნებმა დროის გამოცდას გაუძლეს! რატომ არ უნდა სცადოთ რაიმე ახალი? თუ არ ხართ დარწმუნებული, სად წახვიდეთ, 20 Minutes გირჩევთ ქართულ სამზარეულოს, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს გურმანებს საფრანგეთში და განსაკუთრებით პარიზში , - წერს 20 Minutes.
ქართული სამზარეულო პოპულარობას იძენს, - ამბობს ბარნაბე მანცი, The Fork-ის მარკეტინგის დირექტორი. ამ კულინარიული ტენდენციის შესახებ „20Minutes“-თან ინტერვიუში მან აღნიშნა პარიზში ქართული რესტორნების რაოდენობის „მნიშვნელოვანი ზრდა“. მისი თქმით, 2025 წელს აპლიკაციას 14 რესტორანი შეუერთდა, 2024 წელს კი... არცერთი. ეს ნამდვილი წარმატებაა, „განსაკუთრებით პარიზში“, - ხაზგასმით აღნიშნავს მარკეტინგის დირექტორი.
„Maison Caucasienne“, „Tamada“ ან „Chez Magda“ - ქართული რესტორნების დაჯავშნა ახლა მარტივია. შეფმზარეული მაგდა ვოლტერის ბულვარზე თავის მესამე რესტორანსაც კი ხსნის. იგი თავად ამზადებს აქ იგი თავისი ქვეყნის ტრადიციულ კერძებს.
„და ამ ტრადიციული კერძების მოწონება კიდევ უფრო მეტად გავრცელდება! ნიცაში, რესტორანი „Tone Georgian“ აპლიკაცია The Fork-ის ხუთ ყველაზე პოპულარულ რესტორანშიც კი მოხვდა“. კერძებს შესანიშნავ შეფასებებს აძლევენ და ეს ცნობისმოყვარე მომხმარებლების ინტერესს იწვევს. საბოლოოდ კი ისინიც აგემოვნებენ მათ და, თავის მხრივ, რეკომენდაციას უწევენ, - ამბობს მანცი.
„ჩემი კლიენტების 70% ფრანგია“, ამბობს შეფმზარეული მაგდა. „შედარებისთვის, აღმოსავლეთ ევროპიდან 20% და საქართველოდან მხოლოდ 10%“. ამ წარმატების საიდუმლო? „ცხარე არომატები, რომლებიც ჩვენს კლიენტებს ნამდვილად მოსწონთ“, ამბობს ის. ბარნაბე მანცი ეთანხმება: „ჩვენ გვაქვს კერძები, მრავაlფეროვანი ბოსტნეულით და გამორჩეულად ცხარე არომატით“.
ეს განცხადება იდეალურად ემთხვევა იმას, რასაც მომხმარებლები 2025 წელს ელიან. „დღეს ადამიანები რესტორნებში არა მხოლოდ საჭმელად დადიან, არამედ ახალი გამოცდილების მისაღებადაც“, აღნიშნავს The Fork-ის მარკეტინგის დირექტორი. ამიტომ, ქართული სამზარეულო, თავისი სანელებლებით, მწვანილებით და ორიგინალური კერძებით, ახერხებს ახალი მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
სტატიის ბოლოს 20minutes მოკლედ აღწერს იმ ორ ქართულ კერძს (ხაჭაპურს და ხინკალს), რომელიც მკითხველმა აუცილებლად უნდა გასინჯოს.






