ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ 2025 წლის 9 ოქტომბერს დუშანბეში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს 2024 წლის 25 დეკემბერს, აქთაუს მახლობლად, რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის სისტემის არაწინასწარგანზრახული მოქმედების შედეგად მომხდარი AZAL Embraer 190 თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგების შესახებ. შეთანხმება ასევე მოიცავს კომპენსაციის საკითხს.
ხაზგასმულია, რომ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს მათ ორმხრივ სურვილს, განავითარონ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მოკავშირეთა თანამშრომლობის ფარგლებში.
მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ინტერესების გათვალისწინებაზე, ხელს შეუწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას და თანამშრომლობის გაფართოებას ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე.
განცხადებაში ასევე გამოთქმულია ღრმა სამძიმარი ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ.




