2025 წელი კონფლიქტებით, არეულობითა და ქაოსით სავსე წელია, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ასეთ დროშიც ახერხებს, რომ უსაფრთხოება შეინარჩუნოს.

გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით 2025 წელს II მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა. ამ პირობებში ბევრმა სახელმწიფომ სამხედრო შეიარაღებისა და მომზადების გაზრდა დაიწყო.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი ქვეყანა მაინც ახერხებს, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე შეინარჩუნოს. ინდექსი, რომლითაც ქვეყნების უსაფრთხოება გაზომეს, 23 სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს, მათ შორის საგარეო კონფლიქტებს, სამხედრო მდგომარეობას, ტერორიზმსა და მკვლელობების რიცხვს.

2025 წელს ამ სიის სათავეში შემდეგი 5 ქვეყანა მოექცა:

1. ისლანდია
2008 წლის შემდეგ ამ სიაში ისლანდია პირველ ადგილს იკავებს და მსოფლიოს ყველაზე მშვიდ ქვეყნად ითვლება. ის ლიდერია როგორც უსაფრთხოებაში, ისე კონფლიქტებისა და მილიტარიზაციის ნაკლებობაში. ისლანდიის უსაფრთხოების მდგომარეობა წელს კიდევ 2%-ით გაუმჯობესდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკაცრი ზამთრებისა და ცივი ამინდების მიუხედავად, უსაფრთხოების გრძნობას საზოგადოება ქმნის.

2. ირლანდია
მე-20 საუკუნეში ირლანდია კონფლიქტებში იყო გახვეული, თუმცა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ირლანდიაში როგორც მილიტარიზაციის და კონფლიქტების, ისე კრიმინალისა და ძალადობის დაბალი მაჩვენებელია.

3. ახალი ზელანდია
2025 წელს ზელანდიამ ამ სიაში 2 ადგილით ზემოთ აინაცვლა, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა შემცირდა და უსაფრთხოება გაუმჯობესდა. 

ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარეობს და გეოგრაფია ხელს უწყობს, რომ გარე კონფლიქტებისგან დაცული იყოს. თუმცა ამასთან ერთად, ქვეყნის შიდა მოწყობასაც დიდი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ახალი ზელანდიელები მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს — იარაღთან დაკავშირებით მას ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონები აქვს მსოფლიოში. ადგილობრივების თქმით, ახალ ზელანდიაში ბავშვები თავისუფლად დადიან სკოლაში მარტო, ხალხი მშვიდად ტოვებს სახლის კარებს ღიას და თუ ვინმეს გზად მანქანა გაუფუჭდა ან რამე პრობლემა შეექმნა, ყველა დასახმარებლად ჩერდება.

4. ავსტრია
ავსტრიამ წელს მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა, თუმცა ყველა კრიტერიუმში კარგი შეფასებები დაიმსახურა.

ავსტრია ცდილობს, რომ კონფლიქტებს თავი აარიდოს და ამის მაგივრად საკუთარ ხალხზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე კონცენტრირდეს.

5. სინგაპური
ამ სიის ათეულში სინგაპური ერთადერთი აზიური ქვეყანაა. უსაფრთხოების გრძნობას ქვეყანაში როგორც კონფლიქტების სიმცირე, ისე შიდა სისტემა ქმნის.

იმის მიუხედავად, რომ სინგაპურში LGBT+ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ მაინც კონსერვატიული მიდგომაა, ბოლო წლებში პროგრესი იგრძნობა. ახალგაზრდა სინგაპურელები იბრძვიან მეტი თავისუფლებისა და მიმღებლობის მოსაპოვებლად და ამბობენ, რომ წლევანდელ პრაიდზე ბევრად უსაფრთხოდ იგრძნეს თავი, ვიდრე წინა წლებში.