NASA-ს ისტორიული მისია წარმატებით დასრულდა.

 11 აპრილს, თბილისის დროით 04:07-ზე, ხომალდმა Orion-მა წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს სანაპიროსთან, დაშვება განახორციელა. 53-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ადამიანმა მთვარეს შემოუარა და შინ მშვიდობით დაბრუნდა.

ამჯერად ოთხმა ასტრონავტმა - რიდ ვაისმანმა, ქრისტინა კოხმა, ვიქტორ გლოვერმა და ჯერემი ჰანსენმა - მთვარის შემოვლის დროს დაამყარეს რეკორდიც და დედამიწას 406 771 კილომეტრით დაშორდნენ.

ხომალდი დედამიწას თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორიით, ანუ მთვარის გრავიტაციის დახმარებით, დაუბრუნდა. მისიის მე-10 დღეს Orion თავისი ეკიპაჟით 40 234 კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში. ეს ეკიპაჟიანი მისიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შემოსვლაა, რაც კი ოდესმე უცდიათ.

დაშვებისას ასტრონავტებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და NASA-ს სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები დახვდნენ.

ასტრონავტები სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს, რათა მათი მდგომარეობა მედიკოსებმა საფუძვლიანად შეაფასონ. ამის შემდეგ მათ ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დააბრუნებენ.

Artemis 2 დასრულდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. Artemis 3, მომდევნო ეკიპაჟიანი მისია, 2027 წლისთვის იგეგმება. მის ფარგლებში კოსმოსური ხომალდების შეხვედრასა და შეპირაპირებას გამოცდიან დედამიწის ორბიტაში. თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდება, NASA სხვა მისიის, Artemis 4-ის, ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე დადგამს ფეხს 2028 წლის ბოლოს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კოსმოსური სააგენტო აქ ბაზის აშენებასაც დაიწყებს.