დღეს, გამოჩენილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის,  საქართველოს სახალხო პოეტის (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის (1944). გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე, 126 წლის იუბილეა.

გამოჩენილი პოეტის ეს უნიკალური ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტიდანაა ( #ციფრულიფოტომატიანე)

გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. 

ტაბიძის შემოქმედების დასაწყისი XX საუკუნის 10-იან წლებზე მოდის ეს იყო პერიოდი, როცა ლირიკაში კვლავ განუყოფლად ბატონობდა აკაკი წერეთლის ავტორიტეტი. უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით გალაკტიონმა ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არც ერთი პოეტური თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განეცადოს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ტაბიძის ავტორიტეტი კვლავ განუყოფლად ბატონობს და დღესაც გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისებრივად ახალი, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

 „პოეტების მეფემ“ სიცოცხლე 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა.