ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის გამო მეტროს პირველი ხაზი დროებით ''ახმეტელის თეატრიდან'' ''300 არაგველამდე'' იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ''ისნის,'' ''სამგორისა'' და ''ვარკეთილის'' სადგურებს დროებით არ გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს:

''თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.

ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს.

თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს,'' - აღნიშნულია ''თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'' განცხადებაში.