"სამსახურში ბაიკით მივდივარ, შემდეგ გადავჯდები სამედიცინო დახმარების მანქანაში...დიახ, პირველი ქალი ვარ, რომელმაც „სასწრაფოს“ საჭესთან გაბედა დაჯდომა“,- 47 წლის ნანა მამუკაშვილი, ქართველი ბაიკერი ქალი და „სასწრაფოს“ ერთადერთი ქალი მძღოლია.
6 წელია, რაც ნანა მამუკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთადერთი ქალი მძღოლია. ამასთან, ითავსებს ბაიკერობას უყვარს ექსტრემი და მუდმივად ადრენალინის ძიებაშია. ბაიკი მისთვის არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, ის „ცოცხალი ორგანიზმი“ მისი ოჯახის წევრია, რომელიც მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. ბაიკისადმი ინტერესი კი ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან მოყვება. ის „აიპრესთან“ იხსენებს იმ დროს, როდესაც ბაიკით პირველად დაინტერესდა:

- რაც თავი მახსოვს, ეზოში სულ მოტოციკლს ვხედავდი. მამაჩემი იყო მოტოციკლით გატაცებული. მიუხედავად იმისა რომ იმ დროს არ გვქონდა კარგი, თანამედროვე ბაიკი, რაც იყო ის ძალიან მხიბლავდა. მანქანაც გვყავდა, მანქანის მიმართ ინტერესი არ მქონდა. მისი მართვაც უფრო გვიან ვისწავლე, ვიდრე ბაიკის.
რადგან მამა ბაიკის მოყვარული იყო, ცდილობდა ჩვენც გვესწავლა მისი მართვა. არ გვიშლიდა დაჯდომას, პირიქით მაქსიმალურად გვეხმარებოდა. ბაიკის მართვაც ადრე ვისწავლე. მამასთან ერთად ხშირად ვჩნდებოდი ქუჩებში, ვსეირნობდით.
იყო შემთხვევა, როდესაც სიცხე მქონია, როგორც კი ბაიკით გავუსეინებივარ დამწევია ტემპერატურა. ბაიკის ხმაც კი მომწონდა. ალბათ, ხშირად მართლაც რომ გენურია ექსტრემალობა.
როდესაც ოჯახი შევქმენი ბაიკის გარეშე ვიყავი. ტელევიზორში ან ქუჩებში ბაიკის დანახვისას ძალიან მტკივნეული შეგრძნება მქონდა, დენის დარტყმის მაგვარი, რაც მისი არ ქონით იყო გამოწვეული.
"ჩემთვის ბაიკი ცოცხალი ორგანიზმია. ფანატიკური დამოკიდებულება რაღაცეების მიმართ არ მაქვს, მაგრამ ეს სიყვარულია.
ბაიკი რომ არ მყავდეს არ მოვკვდები, მაგრამ მის გარეშე დავბერდები, ჩემი ცხოვრება საინტერესო არ იქნება, ამ შეგრძნებების გარეშე მარტო ვიქნები. 1-2 ახალი ოჯახის წევრი მყავს შეძენილი ბაიკის სახით."

როგორც ნანა „აიპრესს“ უყვება, მისი ოცნება მოსამართლეობა იყო. თუმცა, ემიგრაციამ ხელი შეუშალა. სამშობლოში დაბრუნებულს არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა, და საბოლოოდ აქაც, კვლავ ბაიკი დაეხმარა...
-ჩემი ოცნება მოსამართლეობა იყო. გამოცდებიც მქონდა ჩაბარებული მოსამართლე რომ გავმხდარიყავი, მაგრამ მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო. მომიწია უცხოეთში ცხოვრება, დაბრუნების შემდეგ ძალიან ცუდი ცოდნით ვიყავი. გამიჭრიდა ჩემს პროფესიაში ფეხის შედგმა. იურისტობა არაა ის, რასაც გადაიკითხავ, ამ პროფესიას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვე. საბოლოოდ, კი მოტოციკლმა მიშველა...
ქუჩაში როდესაც გავდივარ, ყველა პირობა მავიწყდება. მავიწყდება რომ ჩქარა არ უნდა ვიარო. ხშირად ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაც ხალხის ყურადღებას იწვევს. წარმოიდგინეთ, ქალი 2 ბორბალზე, მაღალი სიჩქარით, ტიტანიკივით ხელებგაშლილი, ცოტა უცნაური დასანახია.
- როგორია საზოგადოების რეაქცია, როდესაც თბილისის ქუჩებში ბაიკერ ქალს ხედავენ?
- დღემდე სასწაული რეაქციებია. იცით, თითქოს ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე მიდიხარ, სადაც ფანები ცდილობენ სურათი გადაიღონ და ხმა მოგაწვდინონ, ზუსტად ასეთი რეაქციებია!
სასწაული იყო 3 წლის ბავშვის რეაქცია ჩემი დანახვისას, დედამის მიუბრუნდა და ეუბნება - „ვაუ, შეხედე, ის ხომ გოგოა?!“ ისეთი რეაქცია ჰქონდა რომ არ მივსულიყავი და არ დამესვა ბაიკზე არ შემიძლო.
6 წელია რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქალი მძღოლია. მისთვის საჭესთან დაბნევა და შიში უცხოა. დიახ, ის პირველი ქალია, რომელმაც „სასწრაფოს“ საჭესთან გაბედა დაჯდომა. ის არ არის მხოლოდ, მძღოლი, რთულ სიტუაციებში ხშირად უწევს ექიმების დახმარება, დაშავებულების გადაყვანა.
"6 წელი დაიწყო რაც მძღოლად ვმუშაობ. როგორც ამბობენ, ბევრ კარგ მძღოლს ვჯობივარ და საუკეთესო მძღოლებს შორისაც ვარ. როდესაც მიდიხარ მოტოციკლით 5- 6 საავარიო სიტუაცია გხვდება. საჭესთან დაბნევა ან შიში რომ ვიცოდე, მე ცოცხალი დღეს ვერ ვიქნებოდი.
სამწუხაროა, ამ ხნის მანძილზე 2 მეგობარი მყავს გარდაცვლილი, ძალიან კარგი მძღოლები. რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი არ ეშინიათ. საჭესთან დაბნევა არ ვიცი...
ძალიან ბევრი სიტუაცია გამოვიარეთ მე და „სასწრაფოს“ გუნდმა. თუნდაც 13 ივნისის მოვლენა. მაშინ ვმუშაობდი და რთული ვითარება იყო. მოგვიწია დაშვებულების გამოყვანა, ხდება ისეც რომ ძალიან ჩქარა დადიხარ, უძილო 24 საათი მუშაობ, ამას თან ერთვის საცობები...
დიახ, პირველი ქალი ვარ რომელმაც სასწრაფოს საჭესთან გაბედა დაჯდომა. ეს ექსტრემია. უკვირთ და ამბობობენ, „რა კარგად დადის“,“ როგორ გვეხმარება“.
მე არ ვარ სუსტი ქალი, ექიმებს ვეხმარები. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მძღოლები. ჩვენ გავდივართ კურსებს, გადაუდებელ შემთხვევაში ჩვენც გვიწევს დახმარება. ვფიქრობ, ამისთვის ვარ დაბადებული. იურისტობა და ექიმობა, ხომ ძალიან ახლოს არის, ადამიანი უნდა გადაარჩინო.
- სამსახურში ბაიკით დადიხართ?
- სამსახურში ბაიკით მივდივარ შემდეგ გადავჯდები სამედიცინო დახმარების მანქანაში. ძალიან ბედნიერი ვარ ბაიკზე რომ ვზივარ. ყოფილა შემთხვევა 2-3 საათი ვერ მოსულა ადამიანი იქ სადაც მე 5-6 წუთში მივსულვარ.“,-ამბობს ნანა მამუკაშვილი.
ნანა მამუკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს განტვირთვა გააკეთონ და დაკავდნენ სკუტერებით და დაბალკუბატურიანი ბაიკებით, რაც ქალაქის განტვირთვასაც ხელს შეუწყობს.
"კარგია ქალაქი რომ იზრდება, მაგრამ თბილისი ქუჩები ვერ იტევს ამდენ მანქანას.კარგი იქნება მოგვბაძონ. არის ამისთვის სკუტერები, დაბალკუბატურიანი ბაიკები საზოგადოებამ განტვირთა რომ გააკეთოს აუცილებელია. ნაკლები გამონაბოლქვიც იქნება.უნდა მოგვბაძოს ახალგაზრდებმა და ასაკიანებმა. ეს არის სირცხვილი, სულაც არ არის.“,-ამბობს ნანა მამუკაშვილი.
ამგვარად, თუ შეუძლოდ გახდით და თქვენთან ბრიგადა 1715 მოვიდა იცოდეთ, მისი მძღოლი, ქართველი ბაიკერი ქალი და „სასწრაფოს“ ერთადერთი ქალი მძღოლი ნანა მამუკაშვილია.
ავტორი თეონა ციხიშვილი