„ხარვეზების გამოსწორება დაწყებულია“, – აცხადებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური და გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევაზე საუბრობს.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ნინო ველთაურის განცხადებით, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებს ითვალისწინებს და ამ დროისთვის ეს მექანიზმები ამოქმედებულია. საუბარია საქართველოდან გერმანიაში დროებითი დასაქმების მიზნით 9 მაისს გამგზავრებულ ჯგუფზე, რომელთაც როგორც ირკვევა, ადგილზე არც შესაბამისი საცხოვრებელი პირობები დახვდათ და დამსაქმებელმა ასევე დაარღვია კონტრაქტით აღებული ვალდებულება სამუშაო საათებისა და ანაზღაურების თაობაზე. „გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სეზონურ დასაქმებას გულისხმობს, გერმანიის ფედერაციაში გაფორმებულია ორ უწყებას შორის და მასში გათვალისწინებულია შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვა. 4 ჯგუფია გამგზავრებული გერმანიის ფედერაციაში. ჩვენ თითოეულ მათგანთან ვართ კონტაქტზე. როდესაც 10 მაისს პირველივე შეტყობინება შემოვიდა ამ ჯგუფიდან (ისინი წუხდნენ სამუშაო პირობებზე, რომელიც მათ დახვდათ), მოვახდინეთ რეაგირება. ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებას. ჩვენ 10 მაისიდან ვართ კომუნიკაციაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან, რომელმაც თავის მხრივ პროცესში შესაბამისი გერმანული უწყებები ჩართო, რათა დამსაქმებელმა დაიწყოს დამსაქმებლებთან ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ხარვეზების გამოსწორება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ნინო ველთაურმა. ნინო ველთაური განმარტავს, რომ გერმანიის ფედერალურ შრომის სააგენტოში არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ შრომით პირობებს და ზრუნავენ მიგრანტების შრომით უფლებებზე და თუ დამსაქმებელი ვალდებულებებს არ შეასრულებს, გერმანული კანონმდებლობით, ჯარიმას დაექვემდებარება. ნინო ველთაური ამბობს, რომ დამსაქმებელმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესი უკვე დაიწყო, რასაც მისი თქმით, სააგენტოსთან კომუნიკაციაში საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ და ამჟამად სააგენტო დინამიკის დაკვირვების რეჟიმშია, ხოლო თუ დამსაქმებელი ყველა ვალდებულებას სრულფასოვნად არ შეასრულებს, საქართველოს მოქალაქეები სხვა დამსაქმებელთან გადანაწილდებიან. რაც შეეხება სამუშაო საათების ანაზღაურების საკითხს, ნინო ველთაურს აქვს მოლოდინი, რომ იგი სამართლიანად გადაწყდება, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, გერმანულ მხარესთან დეტალების დაზუსტებაა საჭირო. ამასთან, როგორც ირკვევა, გერმანიაში გამგზავრებული ჯგუფი უკვე დატოვა საქართველოს ორმა მოქალაქემ. „ისინი სქემიდან გავიდნენ, შესაბამისად, ჩვენ მათთან კომუნიკაციაში აღარ ვართ“, – დასძინა ნინო ველთაურმა. ნინო ველთაური კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე მოქალაქეებს სააგენტო აცნობს კონკრეტულ ვაკანსიაც, აწვდის ინფორმაციას სამუშაო საათების, ხარჯების, ანაზღაურების შესახებ, რომელიც გაწერილია კონტრაქტში და თავად კონტრაქტები დასაქმებულებს გამგზავრებამდე გადაეცემათ.