სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს „ათინათის“ (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) კუთვნილი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 1 ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes.

⭕️აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ბიზნესოპერატორი. შპს „ათინათს“ დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროცესზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. 
საწარმოში ჩატარდა ასევე არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კარაქის საწარმოებლად გამოყენებულია შპს "ეკე 2009"-ის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქი (B401MART1106-111; დამზადების თარიღი - 31.01.2023; გამოყენების ვადა - 31/01/2024). შესაბამისად,  შპს "ეკე 2009"-ში ჩატარდება არაგეგმური ინსპექტირება.  
🦠❗️Listeria monocytogenes არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 
Listeria monocytogenes იღუპება +65  C ტემპერატურაზე, მაცივარში -1  C მრავლდება კიდეც. მარილი ბაქტერიას არ კლავს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადებას ლისტერიოზს. ინფექციის წყაროა გარეული მღრღნელები და შინაური ცხოველები. ადამიანს ლისტერიოზი გადაედება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტითა და საკვებით (თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხორცი, უმი რძე, რძის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული). - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.