საპენსიო სააგენტო 2023 წლის შედეგებს აჯამებს
"საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1,476,780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1,297,661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118,044 მონაწილე შემოუერთდა. 2023 წელს პენსიით ისარგებლა 3,535 ადამიანმა, შედეგად პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6,929 შეადგინა. დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20,811,344 ლარია, ხოლო მიმდინარე წელს იგივე მონაცემი 13,264,294 ლარს მოიცავს. ამ დროისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში 107,644 კომპანიაა დარეგისტრირებული, 2023 წლის სტატისტიკით, კი სქემაში გაწევრიანებულ ორგანიზაციათა ოდენობა 12,650-ით გაიზარდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტის შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე GITI-2023-ზე გახდა გამარჯვებული „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტის“ ნომინაციაში.
საინვესტიციო საქმიანობის შედეგები კი ასე გამოიყურება:
მხოლოდ 2023 წელს, საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია. პროცენტულად, 5 წლის განმავლობაში, ნომინალურმა ამონაგებმა 57% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 13.3% იყო.
საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების დაწყებიდან მე-5 წელს, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, მათ შორის, წმინდა კონტრიბუციების მოცულობა 3.5 მილიარდი ლარია, ინვესტირების შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები კი 834 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია რომ, პორტფელების დივერსიფიკაციასთან ერთად გაიზარდა საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ამონაგებიც და მხოლოდ 2023 წელს 401 მილიონი ლარი შეადგინა.
დაარსებიდან დღემდე, საპენსიო სააგენტოს ჯამურ აქტივებზე ნომინალური ამონაგები 57% -ია, რაც იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებელზე 13.3%-ით მაღალია." - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.