თბილისის ისტორიულ უბანში, შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახინკლე „ველიამინოვის“ თანამფლობელი ხათუნა შარაბიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნის შემდეგ, ობიექტი უსამართლოდ მოექცა კრიტიკის ქვეშ. მისი თქმით, სურსათის შემოწმებისას ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი არა „ველიამინოვში“, არამედ ამ სახელდების ანალოგ სხვა დაწესებულებაში აღმოაჩინეს, რომელიც ამავე ქუჩაზე მდებარეობს. „ველიამინოვის“ მეპატრონე იმედს გამოთქვამს, რომ ტექნიკური სახის გაუგებრობა მომხმარებლებს ნეგატიურად არ განაწყობს.

შარაბიძის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით გამოწვეულმა გაუგებრობამ უარყოფითი გავლენა იქონია სახინკლე „ველიამინოვის“ იმიჯზე, რადგან კლიენტურამ მსგავსი სახელების მქონე ორი ობიექტი ერთმანეთთან გააიგივა: „იმ სახინკლეს, რომელშიც ცხენის ხორცი აღმოაჩინეს, აწერია „ძველი უბანი“, ხოლო იურიდიული სახელია „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“. ჩვენი იურიდიული და ფაქტობრივი სახელიც „ველიამინოვია“, - ამბობს „აიპრესთან“ საუბრისას ხათუნა შარაბიძე და იმ დეტალებს ყვება, რომელთა გამოც გაუგებრობა მოხდა.

„2015 წლის მარტში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩვენთანაც იყო მოსული შესამოწმებლად. აიღეს პროდუქტებზე სინჯები და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, დაგვემშვიდობნენ. შემდეგ, როგორც გაირკვა, შეამოწმეს ჩვენს მეზობლად მდებარე კიდევ ერთი სახინკლე, რომლის იურიდიული სახელია „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“. იქაურ ხინკალსა და აფხაზურაში აღმოჩნდა ცხენის ხორცი. ჩვენ კი აფხაზურა მენიუში საერთოდ არ გვაქვს. სურსათის ეროვნულ სააგენტოს საინფორმაციო წყაროში გამოქვეყნებულ დასკვნაში ნახსენები იყო იმ ობიექტის იურიდიული სახელი „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“, რამაც ჩვენს კლიენტების გულისწყრომა გამოიწვია,“ - აცხადებს შარაბიძე.

„აიპრესი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იზიარებენ შპს „ველიამინოვის“ პოზიციას. იქვე აცხადებენ, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განმარტება რამდენჯერმე გააკეთეს: "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს განმარტებას შპს-დან "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" (შალვა დადიანის ქ. N12) აღებული ნიმუშებიდან აღმოჩენილ ცხენის ხორცთან დაკავშირებით. რესტორნის დასახელებამ გამოიწვია ერთგვარი გაუგებრობა, რადგან დადიანის ქუჩაზე დაწესებულება, სადაც სახელწოდება "ველიამინოვი" ფიგურირებს, ორია. შესაბამისად, ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს არაფერი აქვს საერთო სახინკლე შპს "ველიამინოვთან", რომელიც დადიანის ქ. #8-ში მდებარეობს.”