ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრები გამართა. ვიზიტი გაიმართა “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით.
ლიეტუვას ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე მწვანე ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტანდარტების მარეგულირებელი ბაზას ამუშავებს, რომელმაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ენერგოეფექტურობის ნორმების დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი.
რომეო მიქაუტაძემ ასევე დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ლიეტუვის მხარესთან ცალკეული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით, მათ შორის, საქართველოს რამდენიმე ქალაქის სკოლების მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის პროექტები, რომლებიც ლიეტუვის მხარის საგრანტო პროგრამით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-Intec-თან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ენერგეტიკული კანონმდებლობის შემუშავებას განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით.