საქართველოს რობოტიკის გუნდმა ნიუ იორკის, როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტის გენიოსების საერთაშორისო ოლიმპიადაზე - Genius Olympiad - რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ოლიმპიადაში მსოფლიოს 67 ქვეყნის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც 8 სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის მეცნიერებაში, რობოტიკაში, კოდინგსა და ბიზნესში უნდა წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევარი.
წლევანდელი ოლიმპიადის მთავარი თემა ეკოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გადაჭრა იყო, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინაშეა.
საქართველოს რობოტიკის გუნდმა, რომელიც 4 მოსწავლისგან იყო დაკომპლექტებული, ინოვაციური რობოტი ევაკუატორი შექმნეს, რომელმაც ოკეანე დაასუფთავა და ცხოველები გადაარჩინა.
საქართველოს გუნდს ევროპული სკოლის რობოტიკის წრის მასწავლებელი დავით ნოზაძე ხელმძღვანელობდა. გუნდი ოთხი მოსაწავლით იყო დაკომპლექტებული - ნატალი ნოზაძე (ევროპული სკოლა), ნიკოლოზ არევაძე (150-ე საჯარო სკოლა), ნიკოლოზ დანელია (ევროპული სკოლა) და მია ქართლელიშვილი (ვეკუას სკოლა). ოთხივე მათგანს ბრინჯაოს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება როგორც ჩენი გუნდისთვის , ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველმა ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის სახელით ათასობით მოსწავლეს შორის გამარჯვება მოიპოვეს და უამრავი ადამიანის წინაშე საქართველოს დროშა ააფრიალეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი მხოლოდ რობოტის აწყობას არ ითვალისწინებდა, ბავშვებს რამდენიმე დავალება უნდა შეესრულებინათ, მათ შორის რობოტის აწყობა, კოდის დაწერა, კონკრეტული დავალების შესრულება და ყველა კომპონენტში მათ წარმატებით გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ჟიურისგან გარდა მაღალი ქულებისა, გამორჩეული შეფასება დაიმსახურა. საქართველოს გუნდი რობოტიკაში შესანიშნავია, - სწორედ ასე შეფასდა ჩვენი გუნდი ოლიმპიადის საერთაშორისო ჟიურისგან“, - აღნიშნა გუნდის ხელმძღვანელმა დავით ნოზაძემ.