„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2026 წლის მარტის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში წარმოებული იყო 3,007688 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 7,1%-ით მეტია წინა წლის პირველ კვარტალში წარმოებულთან (2,809209 მლრდ კვტსთ) შედარებით.
საქართველოს მიერ პირველ კვარტალში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 4,078369 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (2,505236 მლრდ კვტსთ) 8,0%-ით აღემატება.
წარმოებულ მოცულობასთან შედარებით უფრო მაღალი მოხმარების მოცულობის დაკმაყოფილება იმპორტის ხარჯზე მოხდა. პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული იყო 1,082131 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს (0,974131 მლრდ კვტსთ) 11,1%-ით აღემატება.
ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია 5,0%-ით.
ესკოს ვებგვერდზე არსებული სხვადასხვა წლების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მარტში ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ (10,216 მლნ კვტსთ) სადგურის ექსპლოატაციაში შესვლიდან დღემდე პერიოდისთვის დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (9,699 მლნ კვტსთ 2021 წლის ოქტომბერში) გადააჭარბა.




