რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი. მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო.
გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,“- აღნიშნა პრემიერმა.