კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ დროისთვის დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 და N29 კორპუსების მიმდებარედ სრულდება. აღნიშნულ მისამართებზე დასასვენებელი სივრცე რამდენიმე სხვადასხვა ზონად დაიყო, N23-24 კორპუსებთან მოეწყო ამფითეატრი და ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. N29 კორპუსთან მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი პავილიონი. ორივე სკვერში ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. სამუშაოების დაწყებამდე სარეაბილიტაციო პროექტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან მსგავსი პროექტების რეაბილიტაციამდე განხილვა მნიშვნელოვანია მოსახლეობის საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის, ასევე, მიმდინარე პროექტებზე მათი მოსაზრებების მოსმენისა და გათვალისწინების თვალსაზრისით.