მოვალეთა რეესტრის არსებობის ისტორიაში, პირველად რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა შემცირდა.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 16 192-ით შემცირდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს 1 აპრილის მონაცემებით, რეესტრში 122 383 პირია რეგიტრირებული, 2015 წლის მარტის დასაწყისისთვის – 138 575-ზე მეტი.
2014 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 133 583-ით განისაზღვრებოდა, 2014 წლის აპრილის დასაწყისისთვის, 116 000-ს აღემატებოდა, 2012 წლის დასაწყისისთვის კი 70 000-ს აღწევდა.
რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება.
აღსრულების კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს.