საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო.
საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ანგარიშვალდებული საირიგაციო წყლის მართვისკენ. შეფასება ადასტურებს, რომ მელიორაციის სექტორში შექმნილი რეგულაცია სექტორის რეფორმის პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საფუძველია. მსოფლიო ბანკის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს საირიგაციო სექტორში მოცულობითი ტარიფის სისტემაზე გადასვლის, საბითუმო და საცალო წყლის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომის ჩამოყალიბება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო გამოცდილებად იქცეს.
სემეკის მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში შეიქმნა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს საირიგაციო წყლის მიწოდების უფრო გამჭვირვალე, წინასწარ პროგნოზირებადი და მომხმარებელზე ორიენტირებული წესების დამკვიდრებას. სემეკის მიერ დამტკიცებული რეგულაციები ქმნის საფუძველს, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია წყლის მიწოდების პირობებზე, წყალსარგებლობის განრიგზე, მიწოდების წერტილზე, დარიცხვასა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებზე.
მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმა კომპლექსურ სახელმწიფოებრივ მიდგომას ეფუძნება, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და მხარდაჭერას, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივ სტრატეგიულ მიდგომებს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ საოპერაციო საქმიანობას, მსოფლიო ბანკის მრავალწლიან პარტნიორობასა და სემეკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ როლს.




