„ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში  მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ, წლიურ ჭრილში, 11%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 14%-ით გაიზარდა, რაც დღევანდელი ჩვენი დისკუსიის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ეს ზრდა გვავალდებულებს, მოვემზადოთ დერეფნის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. საქართველო ამ ამოცანას პასუხობს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული, 10-წლიანი საგზაო რუკის მეშვეობით, რომლის ფარგლებში 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.