„დღეს, ჩვენ შევხვდით Changi Airports International-ის მმართველ გუნდს, მათ უკვე ფორმალურად გამოხატეს ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, Changi Airports International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, რომ კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ მომდევნო პერიოდში გამოცხადებულ ტენდერში.
„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




