ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა.

შეხვედრაზე Changi Airports International-მა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მიმართ გამოხატა ინტერესი როგორც საუბრისას აღინიშნა, კომპანია მონაწილეობას მიიღებს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმისა და საავიაციო სექტორებში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს კომპანიის მხრიდან ვაზიანის აეროპორტის განვითარების მიმართ ინტერესს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და Changi Airports International-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.