„ევროკავშირში საქართველოს წევრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ გაცნობიერებულად აღვნიშნეთ და საბოლოოდ ეს კონსტიტუციაშიც დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში ინტეგრირება. თუმცა როგორც პრემიერ-მინისტმა ძალიან ნათლად ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით მზადყოფნა წევრობისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ზუსტად არჩეული აქვს გზა როგორც პოლიტიკის, საკანონმდებლო სივრცის დაახლოების, ისე ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და შესაბამისობაში მოყვანის კუთხით და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის მოამზადებს.
„ეს რეფორმები მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, რომელიც, მათ შორის, საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში წევრობისთვის. ვფიქრობთ, რომ ამას სჭირდება რამდენიმე წელიწადი. ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული ამოცანების შესრულება იმისთვის, რომ მათ ევროკავშირის წევრობა მიიღონ,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევა. „ბევრი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდა ევროკავშირში, საწყის ეტაპზე, განიცდიდა გარკვეულ პრობლემას ეკონომიკური კუთხით იმიტომ, რომ ამას სჭირდებოდა ადაპტაცია. მათ შორის, ბატონმა შალვამ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა, როდესაც, ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანა, რომელიც საქართველოს ინტერესებს პასუხობს და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.