როგორც მთავრობის მეთაურმა საქართველოს სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე განაცხადა, "საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად".

"მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, ეს ჰორიზონტალური მაგისტრალიც რეალობა გახდება და რამდენადმე გაზრდის საქართველოს მთიანი რეგიონების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონეს, ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ეს იქნება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა.

მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდს და ჰაწვალს.

ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს.

ამავე ღერძის შესაკვრელად ასაშენებელი გვექნება დუშეთი-ახალგორი-ცხინვალის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ გზის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც შერიგების პროცესის შედეგად, შევძლებთ, სრულად ჩავრთოთ ეს ინფრასტრუქტურა ქვეყნის მშენებლობის და განვითარების პროცესში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.