საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა და მისიის წევრებმა, პირველი შეხვედრა გამართეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან.
მიმდინარე სამუშაო ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და საშუალოვადიანი პერიოდისთვის შემუშავებული ფისკალური პოლიტიკისა და პროგნოზების გაცნობა.
ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2026 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, რომელთა დამტკიცებაც დღეს იგეგმება საქართველოს პარლამენტში. ასევე, საუბარი შეეხო 2026 წელს სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.




