გურჯაანის ღვინის ფესტივალის 8 წლიანი ისტორია გრძელდება. გურჯაანში, მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება. ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მერვედ ეწყობა ტრადიციულად 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, ფესტივალზე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა აქვს სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.
2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით. IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.