„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო და 2026 წელს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადავიდა, არის ზუსტად ის შედეგი, თუ როგორ შეიძლება ორმა სახელმწიფომ სტრატეგიული ურთიერთობები ააშენოს თანმიმდევრულად, ურთიერთპატივისცემით და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის მაგალითია პირდაპირი ფრენები, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქიდან სრულდება.
„ველოდებით ასევე ჩინეთიდან, ახალი ქალაქებიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით. ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც იყო კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, რომელმაც ტურისტების რაოდენობა გაახუთმაგა. რეალურად ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი შემოვა. ტურისტების მიმართულებითაც, თუ შევადარებთ მათ სხვა ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს, უფრო ხანგრძლივი ტურისტი გვყავს ჩინეთიდან ანუ შესაბამისად, ქვეყანაში უფრო მეტ ღირებულებას ტოვებს, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტი“, - აცხადებს გენადი არველაძე.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის იზრდება ვაჭრობა და ინვესტიციების მოცულობა.
„ეს არის ზუსტად ის ეკონომიკური შედეგები, რამაც მიგვიყვანა სტრატეგიულ პარტნიორობამდე. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა პარტნიორთან, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორთან გვექნება ზუსტად ის ეკონომიკური, პოლიტიკური შედეგები ორმხრივ ურთიერთობებში. ამის დიდ იმედს ვიტოვებ როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველა იმ პარტნიორთან, რომელთანაც ჩვენ რეალურად მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია იმ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება, რაც დღემდე გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.




