რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს კვლავ შეიკრიბება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან.
სხდომაზე მათთან ერთად მოხდება მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.
რამდენად ეფექტური იქნება კომისიის მუშაობა და შესაძლებელია თუ არა რეალური შედეგის მიღება - პირველადი მონაცემები აპრილში უკვე ცნობილი უნდა გახდეს.
"გვინდა, შევისწავლოთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი. უნდა აღინიშნოს, რომ, მედიკამენტების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა. ის შედგება ორი კომპონენტისგან - მწარმოებელი იმპორტიორი და ქსელები, რომლებიც თვითონ ახერხებენ დისტრიბუციას და აქვთ საკუთარი ლოგისტიკური ცენტრები. რატომაა კარგი, რომ ეს ჯაჭვი მოკლეა? იმიტომ, რომ დამატებითი საოპერაციო ხარჯები არ წარმოიქმნება, რაც დადებითად აისახება საბოლოო ფასზე. რეფერენტული ფასების პროგრამა 2023 წლიდან ჩაირთო. გვინდა, შევისწავლოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს და რა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება", - აცხადებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.




