სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები”. 
ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.

დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის სატარიფო რეგულირების მნიშვნელობაზე.

,,წყალმომარაგება კაპიტალტევადი დარგია, სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას. Fitch-ისა და S&P Global-ის ანგარიშებში აღინიშნა, რომ წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სატარიფო გარემო იყოს ყოველთვის პროგნოზირებადი და ხარჯების ამსახველი რეალურ დროში. ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, მარეგულირებელი კომისია სისტემატურად მუშაობს რეგულირების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, რომ წყალმომარაგების სექტორი გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, “ჯივიპის” გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და ,,საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრაციაზე ეკონომიკურ პოლიტიკაში, სატარიფო პოლიტიკაზე, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.

ფორუმს ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.