British Airways-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა - ავიაკომპანია ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ British Airways-ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინეტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.
British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.
British Airways-ი მსოფლიოს 190 მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.
ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.