სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია 21.3 პროცენტით თევზეულზე, ხილი და ყურძენი 11.8 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.1 პროცენტით. ფასებმა 9.3 პროცენტით მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. პური და პურპროდუქტები 7.7 პროცენტით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 7.3 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 6.3 პროცენტით, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი – 4.5 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 3.2 პროცენტითაა გაძვირებული, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 0.8 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 15.1 პროცენტით გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 9.2 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურებაზე.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5 პროცენტით, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე:

ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (3.5 პროცენტი).

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.0 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები ძირითადად მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.6 პროცენტი).