ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რელიგიური ორგანიზაციებისა და ჯგუფების საქმიანობაზე კონტროლი იზრდება.

2023 წლის ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში, რომლის მოსახლეობაც 9.5 მილიონ ადამიანს შეადგენს, 3417 რელიგიური ჯგუფი/ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, თითოეულმა რელიგიურმა ჯგუფმა და ორგანიზაციამ სახელმწიფოს ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოს. ხელისუფლებას კი რეგისტრაციის უარყოფისა და ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის დახურვის უფლებამოსილება ენიჭება.

ახალი კანონის თანახმად, რეგისტრაციისთვის რელიგიურ ჯგუფი, ან კონფესია ბელარუსში ბოლო 30 წლის განმავლობაში მოქმედ მინიმუმ ერთ სამრევლოს უნდა ფლობდეს. გარდა ამისა, აღნიშნული კანონით ეკლესიებში ღვთისმსახურების გარდა, ნებისმიერი ტიპის შეკრება იკრძალება.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების პერიოდში, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები/ეკლესიების წარმომადგენლები დემონსტრანტებს მხარს უჭერდნენ და თავშესაფარს სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ არარეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვა ბელარუსში 2022 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაზრდას ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ განსხვავებული აზრის დევნის კიდევ ერთ თვალსაჩინო ქმედებად აფასებენ.