პროკურატურამ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს – ა. დ-ს და ნ. ა-ს განზრახ უკანონოდ დაკავების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

"ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით, ვაჟა ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ასევე ისხდნენ ლაშა ავალიანი, იმედა და გიორგი წიკლაურები. ი. წიკლაურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. სამართალდამცავებმა დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლის დანახვისთანავე მოახდინეს მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის იმიტაცია.

ა. -მა და ნ.-მა მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, არაადეკვატური და გადამეტებული ძალის გამოყენებით, თითქოსდა პოლიციელებისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს იმედა და გიორგი წიკლაურები. ა.დ-მა ი.წიკლაურს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ნ. ა-მა კი უკანონოდ დაკავებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მოახდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია – დაიზიანა სამსახურებრივი ფორმა და გამომძიებელს წარუდგინა იგი დაზიანებული სახით.
ა. დ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. ა-ს – სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან – რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

2016 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად