„მოქალაქეებისთვის ნათლად გამოვლინდა და დადგინდა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არაა, მეტიც - მისი დღის წესრიგი აგებულია იქიდან გამომდინარე, თუ რას ეუბნება რუსეთი". - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„მოქალაქეებისთვის ნათლად გამოვლინდა და დადგინდა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არაა, მეტიც - მისი დღის წესრიგი აგებულია იქიდან გამომდინარე, თუ რას ეუბნება რუსეთი. ამაზე თანხმობა მოხდა საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, ვინც მხარს უჭერს ან არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. ასევე ნათელი გახდა, რომ ეს არ არის მოლაპარაკების უნარის მქონე ძალა. აქცია ხელით მართვაზე იყო გადასული, რათა შეეყვანათ [პარლამენტში] დეპუტატები და გაეკეთებინათ ის, რასაც მათ საზოგადოება სთხოვდა. ამ ჯგუფის ნდობა აღარაა, რომელმაც თაღლითური ბუნება ბევრჯერ გამოავლინა. ამასთან, ზუსტად იგივე განცდა აქვთ პარტნიორებს. აღვნიშნავდი ხოლმე პარტნიორების შერბილებულ შეფასებებს, ასეთი რამ აღარ არის. ჭეშმარიტება, რაც საზოგადოებისთვის გამოჩნდა, პარტნიორებმაც დაინახეს. შესაბამისად, დღეს საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების სრული თანხვედრაა. გადავდივართ რეჟიმში, რომ საზოგადოებას და პარტნიორებს, „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა განახორციელოს, ეჭვი შეაქვთ. ეჭვია, რომ ნებისმიერ კანონს გამოიყენებენ არა მისი არსობრივი დანიშნულების, არამედ არადეკლარირებული, ფარული, მზაკვრული მიზნებისთვის. შესაბამისად, რანაირად წარმოგიდგენიათ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, როდესაც საზოგადოება ყველაფერში ხედავს ეჭვს, რომ ან რუსეთისკენ გადახვევაა ან რეპრესიების განხორციელების სურვილი. ყოველ წუთს სადარაჯოზე უნდა ვიყოთ იმ ხალხის, რომელსაც ფორმალური ბერკეტები აქვს ხელში - პოლიტიკურად ეს შეუძლებელია“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიმართ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, რატომ მოუწოდებენ ისინი ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობისკენ, გიორგი მარგველაშვილმა განმარტა: „დასავლელი პარტნიორები სხვა რიტორიკას ვერ მიმართავენ და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ ვერ მოუწოდებენ“.

„ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული, ქართული კოშმარია, მაგრამ მაინც ვერ იტყვიან, ქუჩაში გამოდითო, პოზიტიური დღის წესრიგი უნდა დადონ. თუმცა, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ეს ნაკლებად პრობლემურია, მთავარ პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს არა 12 პუნქტის შესრულება, არამედ ხელისუფლების ცვლილების ალტერნატივის დანახვება საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.