საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. წყალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც სასმელი, სანიტარული, სოფლის მეურნეობის, სამრეწველო გამოყენების და, რა თქმა უნდა ელექტროენერგიის წარმოებისათვის. წყლის რესურსები სხვა ძირითად ფაქტორებთან ერთად აყალიბებენ ბუნებრივ კომპლექსებს, რითაც განაპირობებენ ამა თუ იმ რეგიონის ეკოლოგიურ და სოციალურ განვითარებას. სწორედ ამიტომ წყლის რესურსების სწორად მართვისა და გამოყენების თალსაზრისით, მდინარე ენგურს და მის ჰიდროპოტენციალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მომავალი მდგრადი განვითარებისთვის.
ენგურის აუზში წყლის რესურსების უკეთესად მართვისა და ოპტიმიზაციის მიზნით 2021-2023 წლებში განხორციელდა პროექტი - „ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა“, რომლის ფარგლებში დაფუძნდა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც მდინარე ენგურის აუზში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში მოახდენდა მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის გაცვლას. ასვე დანერგავდა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ჰიდრო-მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენებისა და ჰიდროლოგიური მოდელირებისათვის.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა სააქციო საზოგადოება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ, რომლის აქციების 100% სახელმწიფო საკუთრებაშია და იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები დაინტერესებული მხარეები, მათ შორის: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, შპს ენგურჰესი, გარემოს ეროვნული სააგენტო და ევროპის საინვესტიციო ბანკი.
პროექტის ფინანსირება, როგორც არაანაზღაურებადი დახმარება (გრანტი) საქართველოსთვის უზრუნვეყოფილი იყო ავსტრიის მთავრობის მიერ (Drive Fund), რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD).სასიხარულოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რეგიონში არის მდგრადი ჰიდროენერგეტიკული პროექტების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. 1998 წლიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა ენგურჰესის რეაბილიტაციის სამი ეტაპი. ამჟამად, მდინარის აუზში ანხორციელებს რამდენიმე სხვადასხვა მცირე ჰიდროელექტრო სადგურის პროექტის დაფინანსებას, და აგრძელებს ინვესტირებას ენგურჰესის მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებში, რომლის ბიუჯეტია 35 მილიონი ევრო.
ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტის შესრულებაზე მუშაობდა ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტთა კონსორციუმისაგან შექმნილი საერთაშორისო გუნდი, რომლის ლიდერი იყო შვეიცარიული კომპანია შპს „გრუნერი შტუკი“რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება ჰიდროენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობის და საქართველოში ორ ათწლეულზე მეტია საქმიანობს. ასევე, გუნდის სხვა ცნობილი წევრები იყვნენ: შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი, რომელიც ცნობილია ჰიდროლოგიაში, მეტეოროლოგიასა და კლიმატის ცვლილებაში გაწეული საქმიანობით, ასევე გერმანულიინოვაციური კომპანია „სდ სტრატეგიები“, რომლისსაქმიანობის სპეციფიკაც მოიცავს მდგრადი განვითარების დროს, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებებს. პროექტის განხორციელებაში ასვე აქტიურად მონაწილეობდნენ ენერგეტიკის, ჰიდროლოგიის, კლიმატოლოგიის ადგილობრივი ექსპერტები. პროექტზე მუშაობა, როგორც აღვნიშნეთ, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა ეს არის ინვესტიცია ჩადებული, როგორც ახალი მეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრული საზომი სადგურების დამონტაჟებაში, ასევე რეალურ დროში მათემატიკურ მოდელებში, რომლებიც ეფექტურად გამოიყენებენ შეგროვებულ მონაცემებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნული უზრუნველყოფს მდინარე ენგურის აუზის მართვას მსოფლიო დონის საბაზისო ინსტრუმენტების შესაბამისად, რაც თავის მხრივ გამოიწვევს წყალდიდობისგან დაცვას და ენერგიის წარმოების დაგეგმვას, რითაც გაუმჯობესდება საიმედოობა. ასევე ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტი აქტიურად მუშაობდა ცოდნის გადაცემისა და წარმატებული გრძელვადიანი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც მომავალში პასუხისმგებელი უნდა იყოს მონაცემთა შეგროვების, აღჭურვილობისა და მათემატიკური მოდელების შენარჩუნებისა და ფუნქციონირებისთვის.
ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა მდინარე ენგურის აუზში მოქმედ ძირითად ორგანიზაციებს შორის და გაამარტივოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში შეფასდა ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების მოპოვების შესაძლებლობები და გამოვლინდა მათი გაუმჯობესების გზები; შემუშავდა ჰიდროლოგიური მოდელები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ისეთი გამოწვევების მოგვარებას, როგორიცაა უსაფრთხოება წყალდიდობის შემთხვევაში, კლიმატის ცვლილება ან ნატანის დალექვა.
ჩამოყალიბდა ინსტიტუციონარული სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, მონაცემთა გაზიარებას. ასევე ცოდნის გადაცემას მართვის მოდელის პროტოკოლების ჩამოყალიბების გზითა და ოპერატიული სისტემების შექმნით; რათა ადგილობრივმა ექსპერტებმა დამოუკიდებლად მოაგვარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროლოგიური პროგნოზირება ან ჰიდროენერგეტიკის წარმოების ოპტიმიზაცია დაუზრუნველყონ სამუშაოს უწყვეტობა.
მომზადდა ტექნიკური ანგარიში და რეკომენდაციები, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ენგურის აუზში ახალი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური გამზომი მოწყობილობების მონტაჟს. ახალი გამზომი მოწყობილობებით უწყვეტ რეჟიმში გაზომილი ჰიდროლოგიური (წყლის ხარჯები, დონეები) და მეტეოროლოგიური (ტემპერატურა, ნალექი, თოვლის საფარი) მონაცემების საფუძველზე განხორციელდება მდინარე ენგურის ჩამონადენის მოკლე და გრძელვადიანი ჰიდროლოგიური პროგნოზი.
ჩატარდა ორი სემინარი (სექტემბერი 2022, იანვარი 2023), სადაც სპეციალისტებისთვის და ზოგადად დაინტერესებული მხარეთათვის წარმოდგენილი და განხილული იყო მდინარე ენგურის ჰიდროლოგიური მოდელის გამოყენების და პროგნოზირების პრაქტიკული მაგალითები.
ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებით დასრულების ფაზაში სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობდა მდინარე ენგურის ჰიდროლოგიური პროგნოზირების მოდელის აპრობირება და კალიბრაცია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სპეციალისტებთან ერთად. კონსულტანტის და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა, პროგნოზირების მოდელი დაიხვეწა და ადაპტირდა მოპოვებული ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემების საფუძველზე. საბოლოოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სპეციალისტები დამოუკიდებლად ახორციელებენ მდინარე ენგურის ჩამონადენის ჰიდროლოგიური პროგნოზს, თუმცა კონსულტანტთან თანამშრომლობა გრძელდება.
ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტი დასრულების შემდგომ გადაეცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ოპერირებისათვის. პროექტის გადაცემის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკისა განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კომპანია გრუნერი შტუკის ჰიდროენერგეტიკის და კაშხლების მიმართულების ხელმძღვანელმა ბრენდან ქუიგლიმ.
შემდგომში, გრძელვადიანი დაგეგმვის, ცოდნისა და ინსტრუმენტების ადგილობრივ ორგანიზაციებზე გადაცემის მიზნით, პროექტის დროს მიღებული გამოცდილების უწყვეტი გაგრძელდება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ხელმძღვანელობით.
მისასალმებელია, რომ პროექტის მიზნები და ამოცანები წარმატებით განხორციელდა. მომავლისთვის ასევე კარგად არის გააზრებული ინიციატივის როლი ქვეყნის განვითარებაში, იგი აუმჯობესებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რითაც აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. უნდა აღინიშნოს, რომ ძნელად თუ მოძებნიდით უკეთეს დროს ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტის დაწყებისთვის, იგი დაემთხვა კლიმატის ცვლილებას, მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიის ფასების ზრდას და საქართველოში ელექტროენერგიის ბირჟის დანერგვას.
პროექტი - ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა არის ამბიციური ნაბიჯი, რომელიც ორიენტირებულია მდინარე ენგურის ჩამონადენის უფრო ძირფესვიან შესწავლაზე და ადგილობრივ ინჟინრებს, მეცნიერებს, სახელმწიფო მოხელეებსა და კერძო კომპანიებს აძლევს მოქმედების მეტ უფლებას. პროექტი ემსახურებოდა იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეიძლება მდინარის აუზების ეფექტური და მდგრადი მართვა.
პროექტის წარმატებული განხორციელება საუკეთესო საფუძველია ჰიდროლოგიური პროგნოზირების მოდელის ოპერირებისა და ექსპლუატაციისათვის, რაც საშუალებას იძლევა ის გამოყენებული იყოს ასევე საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა მდინარეების აუზებისთვის (მაგ. რიონი, მტკვარი და სხვა). ამით საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს, როგორც უფრო ხელმისაწვდომი დასაიმედო ელექტროენერგიის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების კუთხით.