პარიზის პარალიმპიური თამაშების მეშვიდე დღეს საქართველომ მეოთხე მედალი მოიპოვა. ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა, 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.


პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულეს ქართველმა ეტლით მოფარიკავეება ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა. მათ ძალა რაპირით ასპარეზობაში მოსინჯეს.


ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის ოთხი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამდენი მედალი პარალიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა პირველად მოიპოვეს. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.


5 სექტემბერს პარიზის პარალიმპიადაზე სტარტს პარაძიუდოს ორთაბრძოლები აიღებს. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას პირველად ზურაბ ზურაბიანი ეცდება.


ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.